ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის მიმართ.
"ჩრდილოეთ კორეის არმია და ხალხი ყოველთვის მხარს დაუჭერს რუსეთის არმიისა და ხალხის სამართლიან ქმედებებს, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესაბამისად", - თქვა მან თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას ქვეყნის არმიის დაარსების დღესთან დაკავშირებით.
კიმ ჩენ ინის თქმით, იგი გააგრძელებს ბირთვული ძალების განვითარებას.
"ჩრდილოთ კორეას არ სურს რეგიონში ზედმეტი დაძაბულობა, მაგრამ მიიღებს მდგრად საპირისპირო ზომებს რეგიონული სამხედრო ბალანსის უზრუნველსაყოფად", - თქვა მან.
ამავდროულად, კიმ ჩენ ინმა მკვეთრად გააკრიტიკა სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობა აშშ-ს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის - რაც, მისი აზრით, ზრდის დაძაბულობას რეგიონში.
იაპონური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთთან ერთად, მიმდინარე ლიდან დაიწყებს დრონების წარმოებას. როგორც იუწყებიან, ფხენიანის ტექნიკურ დახმარებას იღებს რუსეთისგან რამდენიმე ტიპის დრონების შემუშავებაში, რომლებიც მასობრივი წარმოების იქნება.
როგორც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, მოსკოვს არ სურს, მხარი დაუჭიროს ფხენიანს ბირთვული იარაღის შემუშავებაში. კრემლი მიიჩნევს, რომ ბირთვული გამოცდები ურთიერთობებს გაართულებს, როგორც აშშ-სთან, ასევე ჩინეთთან.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების აზრით, "ჩრდილოეთ კორეა იყენებს უკრაინის ომს, როგორც პლაცდარმი საკუთარი სამხედრო პოტენციალის შესამოწმებლად".
"რუსეთმა შეიძლება მიაწოდოს ჩრდილოეთ კორეას დრონების და სარაკეტო ტექნოლოგია კურსკის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში ჩრდილოეთ კორეის ჯარების მონაწილეობის სანაცვლოდ", - ნათქვამია ასევე ISW 8 თებერვლის ანგარიშში.
ორი დღით ადრე Reuters-მა ორ მაღალჩინოსან უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უფრო ზუსტი ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა დაიწყო. ადრე გაგზავნილ რაკეტებს 1-3 კილომეტრის სიზუსტე ჰქონდათ, უახლეს ბალისტიკურ რაკეტების სიზუსტე კი 50-დან 100 მეტრამდეა.
სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინასთან ომში 12 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. იანვრის შუა რიცხვებისთვის ჩრდილოეთ კორეამ ბრძოლაში დაკარგა დაახლოებით 4000 ჯარისკაცი, მათ შორის დაახლოებით ათასი დაიღუპა.
The New York Times-ის ცნობით, დიდი დანაკარგების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის ჯარები გამოიყვანეს კურსკის ოლქის ფრონტის ხაზიდან. თუმცა, რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეელები კვლავ დაუბრუნდნენ აქტიურ სამხედრო ოპერაციებს კურსკის რეგიონში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 7 თებერვალს.