ეკონომიკური ექსპერტის დავით ნარმანიას შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, რომელსაც საქართველო იღებს.
"საკვებ პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ასეთი კატასტროფული ზრდა სწორედ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებითაა გამოწვეული. ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს მიუახლოვდა. ასევე ყველგან გაძვირდა ხორბლის, შაქრის, შოკოლადის, ყავის და სხვა პროდუქტის ფასები. ამიტომაც, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები არის ის უზარმაზარი გამოწვევა, რომელსაც საქართველო იღებს და ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ძირითადი საკვები პროდუქტებიც იმპორტირებულია, ეს მძიმე ზეწოლის საგანი ხდება", - განუცხადა ნარმანიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ახლა საქართველო ინფლაციის კუთხით იგივე დონეზეა, როგორზეც 2008 წელს, თუმცა იმ პერიოდისგან განსხვავებით, "დღევანდელი ინფლაციის სიმწვავე უფრო მაღალია".
"გვახსოვს, რომ 2008 წელს ინფლაცია იყო 12 %. ახლა დაახლოებით იგივე დონეზე ვართ, მაგრამ 2008 წლის ინფლაციის სტრუქტურას თუ დავაკვირდებით, მაშინ ძირითადი ფაქტორი _ არავაჭრობადი საქონელი: ბინების ფასების გაძვირება, არენდის ფასის გაზრდა და ა.შ. არ მოქმედებდა უშუალოდ უბრალო მოქალაქეებზე, დღეს კი პირიქითაა. ინფლაციის ზრდის ძირითადი კატალიზატორი სწორედ ესაა. ამიტომაც, ძალიან მწვავეა და ამით განსხვავდება დღევანდელი ინფლაციის სიმწვავე 2008 წლის სიმწვავისგან", - განმარტა ექსპერტმა.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, გამოსავალი ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური პოლიტიკის გატარებაშია.
"უნდა შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები, შემცირდეს ბიუჯეტში დეფიციტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა მოხდეს ახალი პროგრამის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს საკვები პროდუქტების ადგილზე წარმოებას და შეამცირებს იმ სიმწვავეს, რომელიც დღევანდელ ინფლაციას ახლავს თან", - დასძინა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ბენზინსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები დღითიდღე მატულობს.