"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი მასშტაბური აქციის ფონზე, შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილ ყველა პირს მოუწოდებს, დაიცვან შეკრების თავისუფლება ნაცვლად მასში უკანონო ჩარევისა.
"დღეს, 16:00 საათზე, თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარედ დაგეგმილი მასშტაბური დემონსტრაციის კონტექსტში “ქართული ოცნების” წინარე ქმედებები მოწმობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმის ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამოყენების პრაქტიკას, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის შეკრების თავისუფლებას.
გუშინ, 1 თებერვალს, აქტივისტების, მათ შორის, ილო ღლონტის, ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძის, საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა-ამოღება. როგორც შემდგომ გამოკითხული აქტივისტები აცხადებენ, მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება პირდაპირ უკავშირდებოდა დღევანდელ შეკრებას. საგამოძიებო მოქმედებებს რიგ შემთხვევაში (ნენსი ვოლანდისა და ისაკო დევიძესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად) თან ახლდა სიტყვიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან.
მშვიდობიანი პროტესტის წინასწარ დანაშაულად ან სამართალდარღვევად წარმოჩენა ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებებს და ქმნის დაშინების (მსუსხავ) ეფექტს (chilling effect), რაც საზოგადოებაში პროტესტის ჩახშობისა და კრიტიკული აზრის დათრგუნვის მექანიზმად გარდაიქმნება.
სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა დემონსტრანტების წინააღმდეგ როგორც კანონიერების, ისე პროპორციულობის პრინციპის უხეში დარღვევაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი სივრცის დროებითი შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში არ განიხილება თავისთავად კრიმინალურ ქმედებად, არამედ მშვიდობიანი პროტესტის თანმდევ ეფექტად.
სამართალდამცავი ორგანოების, როგორც შსს-ს, ისე პროკურატურის, ვალდებულებაა, შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლების რეალიზება.
ამ შემთხვევაში დემონსტრანტების მიმართ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს წარმოადგენს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს.
ასევე, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც „Publika“-ს მიმართ გაკეთებული მუქარით ცდილობს, შეაჩეროს კრიტიკული მედიის საქმიანობა. ეს არ არის მისი პირველი მცდელობა, კერძოდ, 2023 წელს მან მსგავსი თავდასხმა განახორციელა „OC Media“-ს წინააღმდეგ, რაც იმავე ტენდენციის ნაწილია. პოლიტიკური ფიგურის მხრიდან მსგავსი განცხადებები, არა მარტო, ხელყოფს გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ახალისებს მედიაზე უკვე არსებულ ძალადობრივ გარემოს.
საქართველოში ჟურნალისტები არიან ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლნი, რაც გამოიხატება როგორც ხელისუფლების მიერ რეპრესიული რიტორიკის გამოყენებაში, ისე კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტების ზრდაში, რაზეც დამნაშავე პირები დაუსჯელობის გარანტიებით სარგებლობენ.
აღსანიშნავია, რომ, ამ მოვლენების პარალელურად, გუშინ, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზიანდა ტვ პირველის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელმაც სერიოზული დაბრკოლება შეუქმნა არხის უწყვეტ მაუწყებლობას. ამ დროისთვის არხი ახერხებს მაუწყებლობას და ქსელი აღდგენილია, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კრიტიკული მედიის შეუფერხებელი ფუნქციონირება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ელემენტია, და ნებისმიერი ხელის შეშლა ან შეფერხება პირდაპირ აისახება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.
საია მოუწოდებს ყველა უფლებამოსილ პირს, შეწყვიტონ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების პოლიტიზაცია და სამართალდამცავი ორგანოების ინსტრუმენტალიზაცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ.
საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების მიზანმიმართული შემცირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების პერსპექტივით, ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს," - წერია განცხადებაში.