ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მკაცრად დაგმო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში ჩინურ ექსპორტზე ახალი 10-პროცენტიანი ტარიფების დაწესების შესახებ და განაცხადა, რომ იგი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და დააწესებს შესაბამის კონტრზომებს. ამის შესახებ The Washington Post-ი და Reuters-ი წერენ.
ჩინეთმა გამოთქვა "ღრმა იმედგაცრუება" აშშ-ის ქმედებების გამო.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთი მიიღებს შესაბამის საპასუხო ზომებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა საპასუხო სზომებზე საუბრობს.
„ტრამპის პირველი ვადის დროს ჩინეთმა უკვე უპასუხა სიმეტრიული ტარიფებით, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია იმით, რომ ჩინეთში ამერიკული ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე ჩინეთის ექსპორტი შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნულია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.
ტრამპმა დაადანაშაულა ჩინეთი ფენტანილის წარმოების შეზღუდვის ვალდებულებების დარღვევაში და თქვა, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ „სუბსიდირება მოახდინა და წაახალისა“ კომპანიები სახიფათო ნივთიერების შეერთებულ შტატებში გაგზავნაში.
ჩინეთმა მოუწოდა აშშ-ს „გადახედოს და გადაჭრას ფენტანილთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა საკითხები ობიექტურად და რაციონალურად და არ დაემუქროს სხვა ქვეყნებს ტარიფებით“.
ჩინეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ფენტანილით გამოწვეული სიკვდილიანობის ეპიდემიის რეალური მიზეზი შეერთებულ შტატებში არის ამერიკის წარუმატებლობა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში და არა ჩინეთის მიერ ქიმიკატების ფართომასშტაბიანი წარმოება ან ექსპორტი, რომლებსაც ძირითადად მექსიკაში არალეგალური ლაბორატორიები იყენებენ წამლის დასამზადებლად.
ამასთან, ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ კანადამ და მექსიკამაც განაცხადა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.