მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს, - ამის შესახებ Facebook-ზე "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, გურო იმნაძე სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში ავტობანის დამატებასთან დაკავშირებით წერს.
"ქართულმა ოცნებამ" გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.
უფლებადამცველებმა ისედაც ვიცოდით, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდა დადგენილებაში. მეტიც "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული ზრახვების ფონზე, გასაკვირიც კია, რომ აქამდე არ იყო ეს ქმედება კრიმინალიზებული.
ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:
მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;
პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლბის პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ" - წერს იურისტი.