გლდანის ციხეში ნაცემი პატიმრის, იოსებ გორგაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის "ვივამედის" კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძე "მთავარ არხს" განუცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
"იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, აპარატულ მხარდაჭერაზე. არის მართვით სუნთქვაზე. პენიტენციურ დაწესებულებაზეა საუბარი - ჩვენ სრულ ინფორმაციას შემოსვლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ ვაწვდით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს. ამიტომ ინფორმაციას გაასაჯაროებს სამედიცინო დეპარტამენტი მხოლოდ და მხოლოდ", - თქვა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, "TV პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ერთ-ერთი პატიმარი კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს. ის გარჩევის დროს სცემეს.
ცნობილია, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი ავარიის შემდეგ დააკავეს, როდესაც თბილისიდან წალკაში, "ქართული ოცნების" აქციიდან მიმავალ აქტივისტებს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოგვიანებით, ინფორმაციას გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ცნობითაც, კლინიკაში ომბუდსმენის რწმუნებული იყო მისული, რათა პაციენტს შეხვედროდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველმა გამოძიებას მოუწოდა, შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ფაქტის გამოძიება და პატიმრის დაზიანებების წარმოშობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზების დადგენა.