ზოგიერთმა პოლიტიკურმა ოპონენტმა აირჩია ციხეში წასვლა, ზოგიერთმა – გადასახლება, ჩვენ ქვეყნიდან არავინ გაგვიძევებია, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა.
„ზოგი ციხეშია, ზოგი – გადასახლებაში და ა.შ. შენ კი აქ ხარ, ეს არის არჩევანის უფლება, ესაა დემოკრატია. ვიღაცამ ციხე აირჩია, ვიღაცამ გადასახლება აირჩია, როგორც თქვენ ამბობთ, ჩვენ არავინ გაგვიძევებია. ბელარუსში არავის უშლიან საუბარს, მაგრამ ციხე არის მათთვის, ვინც, უხეშად რომ ვთქვათ, „პირს ზედმეტად აღებს“, მათთვის, ვინც არღვევს კანონს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეკითხვაზე რატომ არის ქვეყანაში 1 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ლუკაშენკამ უპასუხა, რომ არჩევნებამდე 200-მდე პატიმარი უკვე გაათავისუფლა.
მისი თქმით, ბელარუსის ციხეებში ოპოზიციის წევრებმა შეწყალების მოთხოვნით შესაბამის უწყებას უნდა მიმართონ.
„იმისთვის, რომ ამ საკითხმა [შეწყალების] იმპულსი მოიპოვოს და განხილვა დაიწყოს, კანონის თანახმად... თქვენ უნდა დაუკავშირდეთ იმ პირს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
„ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის დარღვევაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია. მე არ მომიგონია ეს. ეს მოიფიქრა მრავალი ქვეყნის ხალხმა. კანონი უნდა იყოს დაცული“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ლუკაშენკამ თქვა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ „უკვე გაათავისუფლა საკმაოდ ბევრი“ 2020 წელს არეულობისთვის მსჯავრდებული და რომ მათ, ვინც ქვეყნიდან დასავლეთში წავიდა, საკუთარი არჩევანი გააკეთეს.
დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
ლუკაშენკა ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მასობრივმა პროტესტებმა ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია. აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ ლუკაშენკას არჩევა ლეგიტიმურად არ აღიარა.