ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს.
უდინეს შემოსავლების სამსახურმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ბევრმა წარმოშობით ქართველმა ქალმა უწყებას ევროკავშირის საგადასახადო კოდის მისაღებად მიმართა. ყველა მათგანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდა, კერძოდ კი, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიტვის საბუთები.
სამართალდამცავთა ცნობით, ამ ყალბი საბუთების მეშვეობით ქალები უდინეს პროვინციაში ევროკავშირის საგადასახადო კოდს იღებდნენ, შემდგომ კი სხვა რეგიონებში სამუშაოდ გადადიოდნენ და ევროკავშირის მოქალაქეთა სამართლებრივი, საგადასახადო და ჯანდაცვის პრივილეგიებით სარგებლობდნენ.
ჩხრეკების შედეგად სამართალდამცავებმა 36 ყალბი დოკუმენტი აღმოაჩინეს. გამოძიების ბოლოს პოლიციამ პორდენონეში 6, ვენეციაში 4, ბოლცანოში 3, პისტოიაში 2, ვარეზეში 1, ბელუნოში 1, ლეჩეში 1 და ლატინაში 1, ჯამში 19 ქალი დააკავა, 17-ის წინააღმდეგ კი საქმე აღძრა.
თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.