აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა. ამის შესახებ შეტყობინებები უცხო ქვეყნებში აშშ-ს საელჩოებსა და ოფიციალურ პირებს გაეგზავნათ.
როგორც გამოცემა BBC წერს, ტრამპის განკარგულება, როგორც ჩანს, შეეხება ყოველი ტიპის ფინანსურ მხარდაჭერას, დაწყებული განვითარების დახმარებით, დამთავრებული სამხედრო დახმარებით.
დახმარება, სავარაუდოდ, ჩერდება ისეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეებისთვის, როგორებიცაა უკრაინა, იორდანია და ტაივანი.
BBC-ის ცნობით, გამონაკლისია, გადაუდებელი სასურსათო დახმარება და ისრაელისა და ეგვიპტისთვის გაცემული სამხედრო დაფინანსება. ისრაელი ყოველწლიურად სამხედრო დახმარების სახით აშშ-ისგან 3.3 მილიარდ დოლარს იღებს, ეგვიპტე კი – 1.3 მილიარდს. სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2025 წელს დაფინანსება უნდა მიეღოთ, არიან უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ტაივანი, ინდონეზია, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი, ჯიბუტი, კოლუმბია, პანამა, ეკვადორი და იორდანია.