ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას თქმით, ეს არის მისი დაპირება და ამ დაპირებას აუცილებლად შეასრულებს.
"ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვპირდები – ძალადობისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ. იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია, ასევე ქართველი ხალხის ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ასევე კომენტარი გააკეთა "შერატონ ბათუმში" მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
"მე მქონდა რეაქცია იმ ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა – სიტყვიერად და ასე შემდეგ. ეს რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით. დიახ, ეს მე გავაკეთე, რასაც ჰქვია ყავის შესხმა და ქაღალდის ჭიქის ტყორცნა", - განაცხადა გახარიამ.