პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე გიორგი ახობაძე, რომელიც 7 დეკემბერს დააკავეს, ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.
"თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ეგ რაღაც, რასაც მაბრალებენ, ჩემ ჯიბეში მე არ მომითავსებია, მათ მოათავსეს. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ და ვმუშაობდი შესაბამისი მიმართულებით, ბოლო ერთ წლამდე, სანამ დედაჩემს დასჭირდებოდა ჩემი მზრუნველობა, ბოლო ერთი წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს“, - თქვა ახობაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
გიორგი ახობაძე, რომელიც აქციებში მონაწილეობის პარალელურად დემონსტრანტებს სოციალურ ქსელში სხვადასხვა რჩევას აძლევდა, თამარ მეფის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში ავტომობილით მეგობართან ერთად ბრუნდებოდა
გიორგი ახობაძეს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
10 დეკემბრის სასამართლოზე მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარ მოიხმარს ნარკოტიკებს, მისი იმავე ბრალდებით დაკავება საზოგადოებისთვის ადვილად დასაჯერებელი იქნებოდა, რადგან წარსულში ნარკოდანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
გიორგი ახობაძეს ციხეში ყოფნის დროს ლოგინად ჩავარდნილი დედა გარდაეცვალა.