საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ რადიო "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
გამსახურდიას განცხადებით, ამ მოვლენებში იგი "გლობალური ომის პარტიის", როგორც თავად უწოდებს, "სხვისი ხელით ნარის გლეჯვის პარტიის" ხელს ხედავს.
კონსტანტინე გამსახურდიამ თანხმობით უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას - "გლობალური ომის პარტიას, სხვისი ხელით ნარის გლეჯვის პარტიას, საქართველოშიც ხომ არ უნდა რომ სხვისი ხელით ნარი გაგლიჯოს"?
"4 მცდელობა იყო საქართველოში, პირველი იყო 2020 წლის ივნისში, მეორე იყო 2023 წლის გაზაფხულზე, მესამე იყო 2024 წლის გაზაფხულზე და მეოთხე დაიწყო 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან და გადმოვიდა 2025 იანვარში ვართ და არის ახლაც. ზოგადად, რევოლუციური სცენარია ეს და მეთოდიკაც არის რევოლუციური. მაგალითად, თუ შევადარებთ რა მოხდა ყირგიზეთში ორივეჯერ - სახეზე გვაქვს ქვები, მოლოტოვის კოქტეილებიც, ყველაფერი არის იქ სახეზე, რკინის ჯოხები - ყველაფერი ამით ოპერირებდა ხალხის მასა და რაღაცნაირად ისინი უსწორდებოდნენ პოლიციელებს, ამნაირად. რევოლუცია სადაც იქნება, ცხადია, იქ ყველაფერი წავა ამ კალაპოტში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდება პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს და მომიტინგეები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას. ბუნებრივია, რევოლუცია სადაც არის იქ, ყველგან წავა ამ მიმართულებით", - თქვა გამსახურდიამ.
გამსახურდიას განცხადებით, აქციებზე მყოფი ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან.
"აქ არიან როგორც ერთნი, ისე მეორენი. აქ არიან ზოგადად ცვლილების მოსურნენი, რომლებიც მხარს უჭერენ გარკვეულ ცვლილებებს და თუ ეს ცვლილებები ევოლუციურადაც მოხდება, ისინი თანახმანი არიან და მეორენი მოითხოვენ, რომ ეს მოხდეს რევოლუციური გზით, ასეთებიც არიან", - თქვა მან.
ჟურნალისტმა ჰკითხა გამსახურდიას - "თქვენი აზრით, ჩვენ მივდივართ თუ არა რუსეთში, დავშორდით თუ არა ევროპას?", რაზედაც იგი პასუხობს:
"მე არ ვთვლი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, თუ ფრთხილად არ მოვიქცევით, ჩვენ ჩელიაბინსკში არ გავიღვიძებთ, ჩვენ გავიღვიძებთ ღაზაში, გავიღვიძებთ ნანგრევებად ქცეულ ალეპოში, აი, ეს იქნება შედეგი, თუ არ მოვიქცევით გონივრულად და ზუსტად არ გავთვლით ყველა იმ საფრთხეს და გამოწვევას, რაც შესაძლოა, ჩვენს წინაშე აღიმართოს", - თქვა გამსახურდიამ.
გამსახურდიას განცხადებით, მომიტინგეები ზოგჯერ ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, ხელისუფლებას არ აძლევენ მანევრის საშუალებას.
ფოტო: რადიო თავისუფლება