პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მასზე თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.
გახარიას თქმით, ივანიშვილი დიდი ხანია ემუქრება მას და მის ოჯახს.
"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები.
რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.
მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთებთან.
რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებებების თანამონაწილე", - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 15 იანვარს პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.