მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში, საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების 14 ადვოკატს უჩივლა, რომლებმაც 11 იანვარს სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მოსამართლე ადვოკატებს სასამართლოს სხდომის დარბაზის უნებართვოდ დატოვებასა და წესრიგის დარღვევაში სდებს ბრალს.
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის საჩივარი უკანონოა და დაშინების მცდელობას წარმოადგენს.
14 ადვოკატს შორის, ვისაც მოსამართლე ხუსკივაძემ უჩივლა, არიან:
ნინო ლომინაძე - თორნიკე გოშაძის ადვოკატი
შოთა თუთბერიძე - ირაკლი მიმინოშვილის და გიორგი გორგაძის ადვოკატი
დავით ჭიკაიძე - ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი
კახა კოჟორიძე და არჩილ ჭავჭანიძე - ვეფხია კასრაძის ადვოკატები
რევაზ აჭარაძე - ვასილ კაძელაშვილის ადვოკატი
ორხან ალიევი - ინსაფ ალიევის ადვოკატი
გუჯა ავსაჯანიშვილი - ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ოლიგარქის სასამართლო ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა. სხდომის დროს მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა, ხოლო ერთ ერთი დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა. უკანონოდ დაკავებულების ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვეს და მოსამართლეს განცხადებით მიმართეს, რომ შესაბამისი პირობები შეექმნა.
მოგვიანებით, ივანიშვილის სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატები გამოიძახეს. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.