"სახალხო კრება" ხელისუფლებასა და მედიას ბინძური და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.
"20 იანვარს სახალხო კრებამ მთელი თბილისის მასშტაბით სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონული კომიტეტები დააფუძნა. ღონისძიებას 1500 სახალხო კრების აქტიური მხარდამჭერი ესწრებოდა, თუმცა აღნიშნულ ფაქტს გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან სრული იგნორირება, ხოლო ტელეკომპანია "იმედის" მხრიდან 17:00-საათიან "ქრონიკაში" აბსურდული და ცინიკური სიუჟეტის მომზადება მოჰყვა. სიუჟეტის სათაურიც კი - "დაშლილი კრება" - ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა არაობიექტურობასა და ტენდენციურობაზე, ხოლო თავად სიუჟეტიც ტელეკომპანია "იმედისთვის" კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების საფუძველზე იყო აწყობილი- ღონისძიების მიზანსა და მიმდინარეობაზე კომენტარებს აკეთებდნენ შემთხვევითი გამვლელები, ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით საერთოდ არ იყვნენ საქმის კურსში და დაბნეული სახეებით არაადეკვატურად პასუხობდნენ დასმულ კითხვებს", - ნათქვამია კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.
აღნიშნულის გამო, "სახალხო კრება" საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავს, "დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტის დეტალებით". ასევე მიმართავს "ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს" შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი, ობიექტურად შეაფასონ და კომპეტენციის ფარგლებში სათანადო მსჯელობის საგანი გახადონ, რამდენად ჯდება ჟურნალისთა ეთიკისა და პროფესიონალიზმის ჩარჩოებში მსგავსი ქმედებები.
"ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხით სრულად გაშუქდა 20 იანვარს "სახალხო კრების" სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტების დაფუძნება, სადაც ნათლად ჩანს ღონისძიების მიმდინარეობის რეალური სურათი ობიექტურობის დადგენის მიზნით, ჩვენ, სახალხო კრება, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდოთ 20 იანვრის ღონისძიების ამსახველი ჩვენს ხელთ არსებული ე. წ. შავი ვიდეო- და ფოტომასალაც", - აღნიშნულია განცხადებაში.