„არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია, რომელსაც შესაბამისი პასუხი გაეცემა.
„დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს. არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას. ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. თქვენ ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, რომ თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან კი თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე - რატომ არ გმობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიების წარმომადგენლებს ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაუგმიათ.
„თქვენგან ვერ მივიღებ ამას, რადგან თქვენ ხართ ის ტელევიზია, რომელიც ახალისებს ქვეყანაში ძალადობას. არ მახსოვს თქვენი ტელევიზიისგან და არც თქვენგან, ძალადობის ერთი ფაქტი დაგეგმოთ. თუნდაც ის ფაქტი, როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მდინარაძეს და მიაყენა შეურაცხყოფა, რა განცხადებები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში, რა სტატუსებს დებდით?! თქვენს კოლეგებზე როდესაც ხდებოდა ძალადობა, არცერთს არ დაგიგმიათ, არ გამოგიჩენიათ კოლეგიალობა, რომ ამ ადამიანების გვერდით დამდგარიყავით. ეს ხართ თქვენ - ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას და ემხრობა პოლარიზაციას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.