მე მგონი, ჩვენ ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის ეს ადამიანი. ჩვენ ფული არ გადავუხადეთ ლობირებაში, ახლა სტილი შეცვალა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანი იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, როგორც კონსერვატორი და ტრამპისტს ეძახის თავის თავს.
„ჯო უილსონი არის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გადაიღებდა ფოტოს, მერე დაბეჭდავდა, გამოუგზავნიდა ათობით ფოტოს, ხან ნიკა სამხარაძესთან ერთად გადაიღებდა ფოტოს, ხან ლობირებას შესთავაზებდა. ახლა შეცვალა სტილი. ჩვენ ფული არ გადავუხადეთ. ჩვენ არასდროს გვითქვამს, მოდით, ბატონო ჯო, გადაგიხდით ახლა ფულს ლობირებაში. ასეთი პირადი ძალიან უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაციები ხშირი ყოფილა ჩვენს სხვადასხვა მეგობარს, ლიდერსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს როგორც კონსერვატორი და ტრამპისტს ეძახის თავის თავს, თუმცა ვხედავთ, რომ მისი დამოკიდებულება და ბოლოდროინდელი არც განცხადებები და არც გადაწყვეტილებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა. აქედან გამომდინარე, მანიპულირება საქართველოში შიდა აუდიტორიისთვის, რომ ეს ადამიანი არის კონსერვატორი, თითქოს ტრამპის მომხრე და ა.შ., არის იმდენად გაცვეთილი და გაყიდული თამაში, რომ მეტი არ შეიძლება. უბრალოდ, არის ლობისტი. ამერიკაში არ არის აკრძალული ლობისტური საქმიანობა. ბევრ ფულს უხდიან და ამის საშუალებაც აქვთ, რადგან პენსიონერებს რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ფული გამოსძალეს, თავის დროზეც ბევრი ფული უშოვიათ, ბრილიანტებიც კი აქვთ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს. ეს გახმოვანდა, ფაქტების დონეზე დაიდო, უძვირესი ბრილიანტებიც უყიდიათ ომიდან ერთ-ორ დღეში, ამიტომ ამის საშუალება აქვთ და ჯო უილსონის დაქირავებასაც ამ საქმისათვის, რასაც ის აკეთებს, არაფერი უნდა“, – განაცხადა მდინარაძემ.