შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე ურუშაძე მოსახლეობას, გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხევვაში, თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
"მინდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდო და ვთხოვო, რომ არ დაიწყონ თვითმკურნაობა ან სხვისი რჩევებით მკურნალობა. მიმართონ სამედიცინო დახმარებას, რაც ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას შუწყობს ხელს", - განუცხადა ურუშაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ეპიდემიის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა თებერვალსა და მარტში დაავადებულთა რაოდენობის მატება მაინც მოსალოდენელია.
"შემთხვევების რიცხვი იზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე საფრთხის ან პანიკის საფუძველი არსებობს" - განმარტა ურუშაძემ და აქვე დასძინა, რომ მხოლოდ თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახება საშუალოდ 300-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ქვეყანაში მედიკამენტების, მათ შორის სპეციალური ანტივირუსული პრეპარატების საკმარისი მარაგი არსებობს და უკვე ამოქმედებულია პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის გეგმაც.
"ამასთან პირველადი ჯანდაცვის ექიმებსა და საავადმყოფოებს ჩაუტარდათ სპეციალური სწავლება" - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 40-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 18 ფეხმძიმეა, რომლებიც ამ დროისთვის ღუდუშარის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.