საქართველოს სახალხო დამცველი დევნილების უფლებების დაცვას და მათთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნას ითხოვს. ამის შესახებ საუბარია ომბუცმენის აპარატის მიერ გავრცლებულ სპეციალურ განაცხადებაში.
"სახალხო დამცველი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართავს, გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით, პროცესი წარმართოს დევნილთა უფლებების დაცვისა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. ასევე სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ობიექტებიდან გამოყვანილი არც ერთი დევნილი არ დარჩეს კუთვნილი საცხოვრებლის/თავშესაფრის ან 2008 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების შემთხვევაში, კოტეჯის სანაცვლო კომპენსაციის გარეშე და დევნილთათვის შეთავაზებული ალტერნატივები იყოს ადეკვატური. მკაცრად იქნას დაცული კანონით და სტანდარტული ოპერაციული პროცედურით (სოპ) განსაზღვრული ყველა მოთხოვნა, პროცედურა და თითოეული დევნილის კანონიერი ინტერესი", - ნათქვამია განცხადებაში.
ტუღუშის შეფასებით, სახელმწიფოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს დევნილთათვის საცხოვრებლად აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. თუმცა, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები მოიცავს არა მხოლოდ შენობისა და ფართის ადეკვატურობას, არამედ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სხვა არაერთი ასპექტი. კერძოდ, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის მდებარეობა. საცხოვრებელი უნდა მდებარეობდეს ისეთ ადგილზე სადაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამუშაო ადგილები, ასევე წარმოდგენილი იქნება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო პუნქტები და სხვადასხვა სოციალური სერვისის ობიექტები.
ამასთან, 2011 წლის იანვარში, სახალხო დამცველმა დამატებით განახორციელა დევნილთათვის ალტერნატივების სახით შეთავაზებული საცხოვრებლების მონიტორინგი. შედეგად აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომლებიც შეიძლება დევნილთა მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს.
მონიტორინგი განხორციელდა წალენჯიხის რაიონ ფოცხო-ეწერში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ლესიჭინეში, ზუმში, აბაშის რაიონ სოფელ აბაშისპირსა და ხობის რაიონ სოფელ თორსა-დღვაბაში, შესაბამისად სახეზეა შემდეგი სურათი: ყველა ობიექტზე, რომელიც დევნილებს შეეთავაზათ როგორც ალტერნატიული ფართი, განხორციელებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები; ობიექტები დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს და არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაგ. ფოცხო-ეწერში მცხოვრებ ოჯახებს მედიკამენტების შესაძენად დაბა ჯვარში უწევთ ჩასვლა, ვინაიდან ფოცხო-ეწერის ტერიტორიაზე აფთიაქი არ არის. სოფ. აბაშისპირში ბავშვებს ფეხით დაახლოებით 2 კილომეტრის გავლა უწევთ, ვინაიდან სოფელში არ არის სკოლა და არც ავტობუსი დადის, რომელიც ბავშვების სკოლაში გადაყვანას უზრუნველყოფდა. სოფ. თორსა-დღვაბასა და აბაშირპირში არის წყლის პრობლემა); ჯერ-ჯერობით გაურკვეველია გადაეცემათ თუ არა დევნილებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა; გაურკვეველია განხორციელდება თუ არა განსახლების ადგილებზე დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროექტები.
შეგახსნებთ, რომ 20 იანვარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში მდებარე 22 ობიექტიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყო.