"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" და "ბათუმის №1 საავადმყოფო" ერთიანდება და გაერთიანებული სისტემა კლინიკური საავადმყოფოს შენობაში დაიდებს ბინას. თუმცა მანამდე, შენობის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს, რისთვისაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 330 ათას 887 ლარი გამოიყო.
უკვე ცნობილია, რომ "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს" რეკონსტრუქციას, ელექტრონულ ტენდერში გაარჯვებული კომპანია "მეგა სერვის ცენტრი" განახორციელებს.
"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს" მიერ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების (სულ 1851,6 კვ.მ. ფართზე) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში, 6 პრეტენდენტი მონაწილეობდა. ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას ყველაზე დაბალი ფასი - 229 ათას 980 ლარი შპს ,,მეგა სერვის ცენტრმა'' დაასახელა და შესაბამისად გამარჯვებულადაც დასახელდა.
"ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს" ინფორმაციით, "მეგა სერვის ცენტრთან'' სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის თანახმადაც "მეგა სერვის ცენტრი" ვალდებულია 4 თვის ვადაში ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს.
გავრცელებული ინფორმაცით, გამონთავისუფლებული "ბათუმის №1 საავადმყოფოს" შენობაში აჭარის მთავრობა განთავსდება. ხოლო მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის სახლი გამოთავისუფლდება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მის რეალიზაციას შეეცდება, ისევე როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის. უკვე ცნობილია, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ჩაქვის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განთავსდება.
2010 წლის ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოს შენობის საპროექტო და სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 638 ათასი ლარია გათვალისწინებული.
2011 წლის ბიუჯეტიდან კი უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის რეკონსტრუქციისათვის 1 მლნ. 50 ათასი ლარი დახარჯება.