პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება.
"ბექაურის ვიდეოზე: პრობლემა ბექაურში კი არაა, ვიდეოში ასახულ რეალობაშია. ესაა ის რეალობა, რაც საქართველოს ელოდება თუ „ოცნება“ განიმტკიცებს ძალაუფლებას. ეს იქნება სრული განუკითხაობა; კორუფციის, კონტრაბანდის, უკანონობის ჭაობი; რეალობა, სადაც პარტიის ერთგულთათვის ნებადართული იქნება ყველაფერი, რაც უმრავლესობისთვის აკრძალულია; სროლები, გარჩევები და კრიმინალების თარეში ქუჩებში; შევარდნები სახლებში.
ეს იქნება ყველაზე პროვინციული, ქაჯური ავტორიტარიზმი, სადაც უბრალოდ ნორმალური ადამიანების ცხოვრება იქნება შეუძლებელი.
ამიტომ არ შეიძლება უკან დახევა“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.
24 დეკემბერს ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში მჯდომი ბექაური ლომის ბოკვერს, სახელად ბუბუს.
ამასთან, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, ბოკვერი თბილისის ზოოპარკს არ ეკუთვნის და ის საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო, რადგან გარეული ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა და მანქანით სეირნობა დაუშვებელია.