ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების ერთი წლისთავზე მედიის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობის თვითმხილველები ვიქნებოდით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან შეხვდრისას განაცხადა და აქციების დროს დაშავებულების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატა.
„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ყველანი გავხდით მომსწრენი ძალადობრივი, ამაზრზენი თავდასხმების თქვენი და თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დაშავებულები, თქვენი კოლეგები, სწრაფად გამოჯანმრთელდებიან და ასეთი ამაზრზენი თავდასხმები აღარ განმეორდება. ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისაჯოს“, - აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას, მაგრამ გააგრძელებს და კიდევ გავზრდის მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.
„წლების განმავლობაში გვჯეროდა, რომ მედიისთვის პრიორიტეტული საჭიროება სტანდარტების განვითარება იყო. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ასეთი პრიორიტეტები ძირეულად შეიცვალა. ამჟამად პრიორიტეტია ჟურნალისტების ფიზიკური დაცვის აუცილებლობა ცემისგან, ფიზიკური და სიტყვიერი აგრესიისგან, დაშინებისგან, დევნისგან, არასათანადო მოპყრობისაგან და წამებისგანაც კი - ეს არის საგანგაშო სიტყვა, რომელიც სახალხო დამცველის განცხადებებში არის გამოყენებული. არ შეიძლება, რომ ეს გულთან ახლოს არ მივიტანოთ.
ევროკავშირი არაერთ მედიის განვითარების პროექტს აფინანსებს და ბევრი თქვენგანი შეიძლება მათი ბენეფიციარიც იყოს. ხელისუფლების მხრიდან მედიისადმი მოპყრობის გამო, ზოგიერთ პროექტს მოუწია თავიანთი აქტივობების ადაპტირება ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის თემაზე ტრენინგების ჩასატარებლად. ამ მიუტევებელი მოვლენების ფონზე, მივესალმები იმ მედეგობას და გამბედაობას, რომელიც თქვენ, როგორც მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა გამოიჩინეთ. თქვენი შრომა არის ის ძალა, რომელიც სათანადოდ უნდა დაფასდეს. როგორც უცხოელი დიპლომატები, დიდად ვაფასებთ და ვეყრდნობით თქვენს მუშაობას, რომელიც რთულ მოვლენებში გარკვევაში გვეხმარება. თქვენ ასევე აჟღერებთ თითოეულ ჩვენ ხმას, როდესაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.