უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინას ეწვევა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, ეს ვიზიტი ტრამპის ინაუგურაციამდე შედგება.
„ვიზიტი შედგება იანვრის დასაწყისში. ჩვენ ველოდებით ბატონ კელოგს და მაშინ ვისაუბრებთ, რას გულისხმობს ან რას გულისხმობდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და მიანიშნა კელოგის მიერ ადრე მედიაში გამოთქმულ იდეებზე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ.
მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქალაქს ეწვეოდა. გამოცემის თანახმად, კელოგი ამ პერიოდში მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი გასულ თვეში დაასახელა.