საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გამამტყუნებელი განაჩენი კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენების საქმეზე. იუწყება Reuters
საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს და ერთი წელი შინაპატიმრობაში გაატაროს.
აღნიშნულ საქმეზე ნიკოლა სარკოზი სასამართლომ 2021 წელს ცნო დამნაშავედ და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, საიდანაც ორი პირობითი იყო, ერთი წლით კი მას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.
სასჯელი ძალაში დარჩა, ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ ექს-პრეზიდენტს შეუძლია სასჯელის ერთი წელი სახლში გაატაროს, თუ დათანხმდება ელექტრონული სამაჯურის ტარებას მისი გადაადგილების მონიტორინგისთვის.
სარკოზი მის წინააღმდეგ გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ, მოსამართლის მოსყიდვასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.
ბრალდების მხარის ცნობით, გამოძიება, რომლის მასალების მოპოვებასაც ქრთამის სანაცვლოდ სარკოზი ცდილობდა, კომპანია „ლორეალის“ მემკვიდრის მიერ, 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხებოდა.
სარკოზი სასამართლოს წინაშე მომავალ წელს, 2007 წელს მისი საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიის მიერ უკანონო დაფინანსების საქმეზეც წარდგება. ის დანაშაულს უარყოფს. ლიბიის საქმეზე დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.