აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასა და არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალ გუნდს შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში კომუნიკაცია არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ისაუბრა.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ახალ ადმინისტრაციასთან საგარეო პოლიტიკის მთელ რიგ საკითხებზე“, - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად შეხვდა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში, ხოლო სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა მომავალ სახელმიწფო მდივან მარკო რუბიოსთან.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ მას არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია თავის მემკვიდრესთან.
ამასთან, უკრაინის საკითხის კონტექსტში, მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერავინ უკარნახებს უკრაინას, უნდა შევიდეს თუ არა მოლაპარაკების პროცესში და როდის უნდა გააკეთოს ეს.
უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლია და მათ უნდა გადაწყვიტონ, რა გზით წავიდნენ წინ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის ტვირთი სწორედ უკრაინას ეკისრება, ხოლო უკრაინელები იტანჯებიან რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სისასტიკის გამო.
„მათ [უკრაინელებმა ] დაიმსახურეს ამ გადაწყვეტილებების მიღების უფლება. მსოფლიოში არავის აქცს უფლება ეს მათ ნაცვლად გააკეთოს“, - აღნიშნა მილერმა.