"ქრისტიან-დემოკრატები" საქართველოს რკინიგზის გამო მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატბის" წევრმა, დედაქალაქის საკრებულის დეპუტატმა წევრი ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ამ დრომდე საქართველოს რკინიგზასა და ქალაქის მერიას არ შეუმუშავებია გადასახლების პროცესთან და კომპენსაციების დარიგებასთან დაკავშირებული კონკრეტული გრაფიკი და სქემა.
გაბუნია საქართველოს რკინიგზისა და თბილისის მერიისაგან მოითხოვს შემუშავდეს სპეციალური ჩარჩო დოკუმენტი, სადაც დეტალურად და მოსახლეობისთვის გასაგებად იქნება ჩამოყალიბებული, როგორც ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის, ისე ტერიტორიიდან განსახლების სპეციფიკა.
ამასთან, დეპუტატის მოთხოვნით საჯარო უნდა გახდეს დასკვნები შემდეგი პუნქტების თაობაზე - რამდენად უსაფრთხოა ახალი რკინიგზა მოსახლეობისათვის, სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას წარმოქმნილი ვიბრაცია ტერიტორიის ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოახდენს თუ არა რაიმე სახის გავლენას, რა მექანიზმები იქნება გამოყენებული დასახლების ხმაურისაგან დასაცავად, გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე რა გზით მოხდება დაბინძურების საფრთხის თავიდან აცილება, რა ზომები იქნება მიღებული თბილისის ზღვის, როგორც მთავარი სასმელი და სარწყავი რესურსის დასაცავად.