ლიეტუვამ სანქციები დაუწესა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და კიდევ 16 ქართველ პოლიტიკოსს. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კესტუტის ბუდრისის განცხადებაში.
მინისტრის განცხადებით, ლიეტუვამ სანქციები დააწესა ესტონეთთან კოორდინაციით.
"ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ ოცნებას. ესტონეთთან კოორდინაციაში, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია, დამატებით 17 პირის სიაში შეყვანით, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. დადგა დრო, ერთობლივი ქმედებებისთვის ევროკავშირის დონეზე", - წერს ბუდრისი სოციალურ ქსელში.
სანქცირებულთა სრული სია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუსაჯაროებია.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ირაკლი კობახიძეს და კიდევ 13 ქართველ მაღალჩინოსან სანქციები დაუწესა ესტონეთმა.
შეგახსენებთ, 2 დეკემბერს ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს მაღალჩინოსნებს, მათ შორის, შს მინისტრ გომელაურს.