ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, 2022 წელს მან არ იცოდა, რომ რუსეთის ჯარები ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე შეტევას დაიწყებდნენ.
ამის შესახებ ლუკაშენკამ ფრანგულ გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტმა ლუკაშენკას ჰკითხა, რატომ დაუჭირა 2022 წელს მხარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და რატომ დაუთმო ბელარუსის ტერიტორია რუსულ ჯარებს უკრაინაზე თავდასხმისთვის სამხედრო ბაზად.
ლუკაშენკამ კითხვის ფორმულირებას „აბსოლუტურად არაზუსტი“ უწოდა, რუკა გაშალა და განმარტა, რომ რუსეთის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„ჩვენ არ ვყოფილვართ უკრაინაზე თავდასხმის არანაირი ბაზა. სპეციალურად ავიღე ქვეყნის რუკა. ბრესტისა და გომელის ოლქებში ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. ეს 2022 წლის გეგმური წვრთნები იყო. ამერიკელები უკვე ყვიროდნენ, რომ შესაძლოა ომი დაწყებულიყო და უკრაინას აფრთხილებდნენ, რომ იქ ჯარები გროვდებოდა. მე, მაგალითად, არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო.
რუსებმა რკინიგზით დაიწყეს თავიანთი ჯარების გაყვანა [უკრაინის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიიდან] რუსეთისკენ. შემდეგ ეს ჯარები, რომლებიც უკვე გომელის ოლქში იყვნენ თავმოყრილი, რატომღაც კიევისკენ შებრუნდნენ და გადაწყვიტეს, კიევის გავლით გასულიყვნენ. ამას ხუმრობით ვამბობ. ჩემთან პრეტენზიები არ არსებობს. ამ ომთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ მაქვს... ომის დაწყების შესახებ არ ვიცოდი და რუსეთის გენერალურ შტაბს ამის შესახებ ჩემთვის არ უცნობებია“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
ამასთან, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა შეეჩერებინა რუსი სამხედროები.
„რატომ უნდა შემეჩერებინა რუსები და რატომ უნდა მებრძოლა უკრაინისთვის? უკრაინა ბელარუსთან უკვე საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, - განაცხადა მან.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას, რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინას, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიიდან შეუტიეს. ბელარუსი რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის პლაცდარმად გამოიყენა. სწორედ ბელარუსიდან შევიდნენ რუსული ჯარები უკრაინის ჩრდილოეთში და კიევისკენ დაიძრნენ. ბელარუსის ტერიტორიიდან რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა იერიში მიიტანეს კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტომელის აეროპორტზეც