საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში განთავსებული სხვადასხვა ობიექტებიდან დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
სამინისტროს პრესსამსახური, ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ კომენტარებსაც გამოეხმაურა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცია უცვლელად გთავაზობთ:
"ბაგების სტუდქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად დევნილთა განსახლების პროცესი მიმდინარეობს, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას. ისინი დევნილებს მოუწოდებენ, არ დატოვონ ტერიტორია და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმ პოლიციელებს, რომლებიც ადგილზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. სწორედ ამგვარი პროვოკაციის საფუძველზე მოხდა რამდენიმე პირის დაკავება.
შეგახსენებთ, რომ იმ ობიექტების დაცლა მიმდინარეობს, სადაც დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ, იყვნენ შეჭრილები. სამინისტრო უბუნაოდ არავის ტოვებს. მათ გარემონტებულ ფართებს რეგიონებში საკუთარებში ვთავაზობთ, თან ვეხმარებით ტრანსპორტირებაში.
პოლიტიკოსი ეკა ბესელია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა ბაგების სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველა კორპუსის გამოსახლება იგეგმება. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, შეგახსენებთ, რომ 2 კორპუსი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ, რაც შეეხება დანარჩენ კორპუსებს, მასში დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ და იყვნენ შეჭრილები 2008 წლის შემდეგ. ყველას ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში, საკუთრებაში, "_ ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დევნილთა გამოსახლება ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე კორპუსიდან, ასევე, ორხევში, ყოფილი საბაჟო დეპარტამენტის შენობიდან განხორციელდა. ბაგებში პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამო რამდენიმე დევნილი და პარტია "კონსერვატორების" წევრი დააკავეს. ფაქტს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა და დევნილთა ამ ფორმით გამოსახლება უარყოფითად შეაფასა.