"ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება", - აცხადებს "ნეტგაზეთთან" საუბრისას, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ეკა სირაძე, რომელმაც შეაფასა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი.
სირაძის თქმით, ის, რომ ზარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან განხორციელდა, ნიშნავს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია მიჩნეული არაფორმალურ მმართველად და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელ პირად.
„მაკრონმა ამ ნაბიჯით ივანიშვილს ძალიან მკაფიოდ უთხრა: მე არ ვიცი, შენ ვინ დასვი იქ პრემიერად ან პარლამენტის თავმჯდომარედ, შენ ხარ გადაწყვეტილების მიმღები და შენ ხარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, გელაპარაკები შენ. საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რომელსაც არჩევნების შემდეგ ასე ძალიან ელოდება მმართველი პარტია, მათ ამ ზარითაც ვერ მიიღეს. პირიქით, ივანიშვილისადმი ზარით მიიღეს ხაზგასმა, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის ინსტიტუტები არალეგიტიმურად ითვლება“, — ამბობს სირაძე.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ თუ პოლიტიკიდან დისტანცირდება, ყველა დაიჯერებს, თითქოს გადაწყვეტილებებს არ იღებს.
"ეს აღქმა რომ საქართველოში დიდი ხანია არ მუშაობს, ცალსახაა, მაგრამ ასევე აღარ მუშაობს საზღვარგარეთ, დემოკრატიულ ქვეყნებში", - განაცხადა ეკა სირაძემ.
დიპლომატმა ასევე შეაფასა მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც ივანიშვილთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს შეეხებოდა.
"ტექსტი არის ძალიან ცალსახა და მკაფიო, ყოველგვარი დიპლომატიური ორაზროვნებისგან დაცლილი და ძლიერი სიტყვებით დატვირთული. გამოყენებულია ისეთი სიტყვები, როგორიცაა: დაგმო (დაშინება და ძალადობა), მოითხოვა (დაკავებულების გათავისუფლება) და მოუხმო (გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ). ასევე, ძალიან საინტერესოა, რომ მაკრონმა ივანიშვილს ფაქტობრივად უთხრა, მწუხარებას გამოვთქვამ, რომ ევროპულ გზას ასცდით და მე ვარ გარანტი იმისა, რომ ევროკავშირი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეო. ჩემი აზრით, ეს არის მუქარა — გაკვირდებით, გხედავთ, ვიცით, რა ხდება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ფრანგული პასპორტი. შესაბამისად, შემთხვევითი არ მგონია და ძალიან ცალსახა გზავნილია, რომ ივანიშვილს სწორედ მაკრონმა დაურეკა", - ამბობს სირაძე.
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს, "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორს.
პარტიის განცხადებით, "მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი".
მალევე, ელისეის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მაკრონმა ივანიშვილს პროევროპულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ასევე დაგმო პოლიციის ძალადობა. ამასთან, მაკრონმა "ქართული ოცნების" მიერ ევროპული კურსიდან გადახვევაზე კვლავ გამოთქვა მწუხარება.
მოგვიანებით, "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა დამატებითი განცხადება და აღიარა, რომ "საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი".