ოსი სეპარატისტები 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელთან თაიმურაზ მამსუროვთან შეხვედრაზე გააკეთა.
"საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისათვის მიყენებული ზარალი დიდია - რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარია და ჩვენ ამ ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ. გენოციდის ფაქტები საკმარისად შეგროვებულია და თითოეული მათგანი აღრიცხული და დოკუმენტურად დადასტურებულია. ჩვენ ჩვენი მოქმედებების კოორდინირება უნდა მოვახდინოთ იმისათვის რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ევროპულმა სასამართლომ შესაბამისი და ობიექტური შეფასება მისცეს მომხდარს", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
შეხვედრის დამსწრე ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. მრჩეველმა ჟანა ზასევამ განაცხადა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - "სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები -გენოციდის წინააღმდეგ". ორგანიზაციის მიერ მტკიცებულებების სახით შეგროვებულია მრავალრიცხოვანი ფაქტობრივი მასალა, რომელიც 16 ტომს ითვლის. მიღებული იქნა 4 ათას ადამიანზე მეტი რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაზარალდნენ.
"ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გადაგზავნილი იყო სამი ათას განცხადებაზე მეტი, თუმცა სამწუხაროდ მათ ნახევარზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი გვეთქვა", _ განაცხადა ზასევამ და დასძინა, რომ ამჟამად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალისხმევით რეანიმირებულია 12 განცხადება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმისათვის რათა ისინი ობიექტურად იყოს განხილული.