რეგიონებში დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება გრძელდება.
ამჯერად, მათ რეაბილიტირებული ფართი იმერეთის რეგიონში მიიღეს.
აფხაზეთიდან დევნილი 461 ოჯახი დღეიდან სრულად გარემონტებულ ბინებში იცხოვრებს და მათ ქირის გადახდა არ მოუწევთ. დევნილებს ახალმოსახლეობა მინისტრმა კობა სუბელიანმა და მხარის ვიცე გუბერნატორმა გია მატარაძემ მიულოცა.
ხონის ყოფილ სამხედრო დასახლებაში სულ 17 კორპუსი გარემონტდა. გაკეთდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები, შეიცვალა კანალიზაციის სისტემა, შენობის ფასადი, ელექტრო გაყვანილობა. მოწესრიგდა შიდა კომუნიკაცია, სველი წერტილები, სახურავი. აღნიშნულ ბინებში კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილებიც შესახლდნენ, რომლებიც ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ.
„ყველანი კმაყოფილები ვართ. ბინები გაგვირემონტეს და ქირის გადახდა არ გვიწევს. როგორ შეიძლება ეს არ დავინახოთ და უმადურები ვიყოთ. საკუთარი ჭერი გვაქვს, მადლობის მეტი რა გვეთქმის. მე, მაგალითად, იმის საშუალებაც კი არ მქონდა, რომ კედელი შემეღება და ძალიან ცუდ პირობებში ვხცოვრობდი," - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ბერიძემ.
მინისტრის, კობა სუბელიანის თქმით კი დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონების პროცესი გრძელდება: „წლევადელი გეგმით, დაახლოებით 60 მდე კომპაქტურ დასახლებასა და კარკასულ შენობას გავარემონტებთ სამეგრელოსა და იმერეთის მასშტაბით. დევნილების რეგიონებში ფართით დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება."
იმრეთში სულ 26 819 დევნილი ცხოვრობს. რეგიონებში ამ ეტაპისთვის დაკანონებულია 343 ობიექტი.