„ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიო ხორგუანმა 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განათლების სისტემაში გამეფებული უსამართლობა და განუკითხაობა გააპროტესტა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ საჯარო სკოლებში ხელოვნურად ჩანერგილი, გამოუცდელი „მანდატურ-დირექტორების"თვითნებობასა და ძალადობას ეწირებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები, ავტორიტეტული მასწავლებლები, რომელთა სამსახურიდან დათხოვნით, ძირი ეთხრება განათლების სისტემას.
ამ ტენდენციის გამოვლინებად სოფიო ხორგუანი თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.
ამ სკოლას, რომელშიც დაახლოებით 1300 მოსწავლეს წავლობს, გასული წლის ნოემბერში სათავეში ჩაუყენეს 24 წლის სოფიო საბულუა, რომელმაც „მოღვაწეობა" იმით დაიწყო, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და წინასწარი ინფორმირების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლა გამოცდილი პედაგოგები, ქეთევან ახობაძე და ლირა ზუბიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანს მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვს და სამაგალითო მასწავლებლებად მიიჩნევიან, ისინი მოსწავლეებისა და მშობლების უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ და არასდროს მიუღიათ რაიმე სახის დისციპლინარული სასჯელი.
სოფიო საბულუა ღვაწლმოსილ მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს არ ეუბნება და მხოლოდ იმას „განუმარტავს", რომ მას ასე სურს, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ახობაძე და ზუბიაშვილი ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილნენ. თანაც, შეახსენებს, რომ თანამდებობაზე ის შაშკინის მიერ არის დანიშნული. 182-ე საჯარო სკოლის დირექტორად მოვლენილი ყოფილი მანდატური ქეთევან ახობაძეს იმით „ანუგეშებს", რომ სამსაურიდან უმიზეზოდ გაშვებულ პედაგოგს ეკონომიკურად არ უჭირს, ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტია და თავისი პროფისიონალიზმის წყალობით, სამსახურს ყოველთვის იშოვის.
სხვა არგუმენტები იმისა, თუ რატომ ათავისუფლებს სამსახურიდან გამოცდილ კადრებს, 24 წლის სოფიო საბულუას არა აქვს.
პრესკონფერენციაზე, რომელსაც სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვილ ქეთევან ახობაძესა და ლირა ზუბიაშვილთან ერთად, მათდამი სოლიდარობის ნიშნად, 182-ე საჯარო სკოლის სხვა პედაგოგები და ამავე სკოლის მოსწავლეთა მშობლებიც ესწრებოდნენ, სოფიო ხორგუანმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ გაუქმდეს 182-ე საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებები ქეთევან ახობაძესთან და ლირა ზუბიაშვილთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ და ორივე პედაგოგი აღდგენილი იქნას სამსახურში.
„იმ შემთხვევაში, თუ სოფიო საბულუა ამ ნაბიჯს არ გადადგამს და თავის მიერ დაშვებულ შეცდომას არ გამოასწორებს, „ქართული პარტია" ამის მიღწევას სამართლებრივი გზით შეეცდება", - აცხადებს სოფიო ხორგუანი.
ამასთან, „ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მოითხოვს, რომ 182-ე საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო საბულუა, მის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.