შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავისი პრეზიდენტობის 4-წლიანი ვადის განმავლობაში გეგმავს, გააძევოს ყველა იმიგრანტი, რომელთაც არალეგალურად შემოაღწიეს ქვეყანაში. ამის შესახებ მან ტელეარხ NBC News-ის ეთერში, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს მოლაპარაკებების წარმართვას ე.წ. "მეოცნებეების" დასაცავად, რომლებიც ადრეულ ასაკში არალეგალურად ჩაიყვანეს ამერიკაში.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თანამდებობის დაკავებისთანავე ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებებს, რათა აღკვეთოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
ეს უფლება, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებით არის განმტკიცებული, ანიჭებს მოქალაქეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ ნებისმიერ პირს, მიუხედავად მათი მშობლების საიმიგრაციო სტატუსისა.
მეთოთხმეტე შესწორების თანახმად, "ყველა პირი, რომელიც დაიბადება ან ნატურალიზაციას გაივლის აშშ-ში და ექვემდებარება მის იურისდიქციას, არის მოქალაქე აშშ-ის და იმ შტატისა, სადაც ცხოვრობს".
დონალდ ტრამპმა აღიარა,რომ ამ უფლების გასაუქმებლად, შესაძლოა საკონსიტუტიო ცვლილება გახდეს საჭირო, რაც უკიდურესად რთული პროცესია.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპს არ შეუძლია ამ დანაპირების შესრულება, რადგან "დაბადებით მოქალაქეობის უფლების დასრულება შეუძლებელია აღმასრულებელი ბრძანებით".
მან ასევე განაცხადა, რომ გეგმავს, არალეგალური იმიგრაცია ეროვნულ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადოს. მისი თქმით, ის აპირებს გამოიყენოს ფედერალური მთვრობის რესურსები ფართომასშტაბიანი არალეგალური იმიგრაციის დასაძლევად.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის შეფასებიტ, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში დაახლოებით 11 მილიონი არალეგალური იმიგრანტი იმყოფებოდა.
ჟურნალისტმა ჰკითხა ტრამპს, აპირებს თუ არა ის ყველას დეპორტაციას, ვინც ქვეყანაში ლეგალური სტატუსის გარეშე იმყოფება.
"ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს“, - უპასუხა ტრამპმა. - ეს ძალიან რთული ამოცანაა. მაგრამ ჩვენ გვაქვს წესები, რეგულაციები, კანონები".
ამერიკის საიმიგრაციო საბჭოს შეფასებით, ყველა არალეგალური იმიგრანტის დეპორტაცია ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველწლიურად 88 მილიარდი დოლარი დაჯდება.