პირდაპირ უპირისპირდებიან კონსტიტუციის ორ მთავარ პრინციპს - დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს, როცა ისინი ითხოვენ კანონდამრღვევების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ოპოზიციის ხელწერა და ამას აკეთებდნენ ისინი 2012 წლამდეც.
„ჩვენი კონსტიტუცია ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს - ეს არის დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, იგივე სამართლის უზენაესობა. სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ასპექტი არის სამართლის უზენაესობა. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ზუსტად ამ ორ მთავარ ასპექტს ჩვენი კონსტიტუციური სისტემისა, როგორც სამართლის უზენაესობას, ისე დემოკრატიას. როცა ისინი ითხოვენ კანონდამრღვევების გათავისუფლებას, ამით ისინი პირდაპირ უტევენ სამართლის უზენაესობის პრინციპს ჩვენს ქვეყანაში და როდესაც ისინი არ აღიარებენ არჩევნებს და ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, ამით ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის პრინციპს. ორი მთავარი პრინციპი გვაქვს სულ საქართველოს კონსტიტუციაში და ორივეს პირდაპირ უპირისპირდებიან. იმავეს აკეთებდნენ ისინი 2012 წლამდეც, ეს იყო მთავარი ხელწერა. რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ ამისთვის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მონდომებულები, რომ ბოლომდე მივიყვანოთ რადიკალური ოპოზიციის სრულად განეიტრალების საქმე. კოჰაბიტაციის არავითარი ნიშანწყალი აღარ უნდა დარჩეს ამ ქვეყანაში უახლოეს მომავალში და ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში. არათუ მათ რაიმე მოთხოვნას გავეკიდებით. პირიქით, ჩვენი მოტივაციაა, რომ არც კოჰაბიტაციის და არც ლიბერალური ფაშიზმის არავითარი ნიშანწყალი არ დარჩეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ გაგრძელდეს საქართველოს შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება,"- განაცხადა პრემიერმა.