კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას პოლიციელებმა მუცელში არაერთხელ ჩაარტყეს, რის შედეგადაც, სუნთქვის უკმარისობის გამო, გვარამია რამდენიმე წამით გაითიშა.
„მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით, ის გაითიშა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობს“, - უთხრა საძაგლიშვილმა „მთავარ არხს“.
საძაგლიშვილის თქმით, სასამართლო 48 საათში უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიცია ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა.