„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, თუმცა ამბობს, რომ თავად განცხადების დაწერას არ აპირებს.
გაერთიანების დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს, ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენებას.
"„დღეს დამიბარეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, კერძოდ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და მომთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ორი მოტივით: „ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს“. დასახელდა ისიც, რომ კახა კალაძეს ჩემ მიმართ პირადი გაღიზიანება აქვს.
ცხადია, ეს პოლიტიკური მოტივია. ცხადია, მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაღიზიანებული არიან „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების“ თანამშრომლების საჯარო პროტესტით, რომელიც ორი დღის წინ გავავრცელეთ. გაერთიანების 246-მა თანამშრომელმა საჯაროდ გააპროტესტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება და თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევა.
არ ვგეგმავ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას და მზად ვარ ჩემი უფლებების დასაცავად. მსურს, ჩემი ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს.
აქვე აღვნიშნავ, რომ თუ განცხადებას საკუთარი ნებით დავწერდი, მაშინ აღარ მომთხოვდნენ აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერთა სიას, რომლის გაზიარებაზეც თავიდანვე უარი ვუთხარი, რათა ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ ზეწოლის ქვეშ და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მიმაჩნია, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი სინდისის ღალატად. მტკიცედ მჯერა იმ განცხადების შინაარსისა, რომელიც ორი დღის წინ ჩემი ინიციატივით გამოქვეყნდა. მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკარებს სწორი პოზიციისთვის, მხარდაჭერისთვის, მათ მიერ გაწეული შრომისა და საბიბლიოთეკო საქმეში მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისთვის". – ამბობს ნინია მაჭარაშვილი.