ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ, როგორც საჯარო მოხელეებმა, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს და აღნიშნა, რომ სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც.
„შესაბამისად, ყველა სკოლა თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.