ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს დაპირება პირნათლად შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აშშ-ს და ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს დაპირება პირნათლად შესრულდება.
ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად, აშშ-ს, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რაც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ჩვენი ბრალი. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იყო სერიოზული, უხეში შანტაჟი. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა პრემიერმა.