დღეს, 1-ელ დეკემბერს კიევში ჩავიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.
ევროკავშირის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნოემბერში არჩეული კოშტა და კალასი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგნენ. მათთან ერთად კიევშ იმყოფება ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი
თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველ ვიზიტზე კალასმა თქვა, რომ მისი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი.
”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
კოშტამ თავის მხრივ განაცხადა, რომ ომის პირველივე დღიდან ევროკავშირი უკრაინის მხარეზეა.
„ჩვენი მანდატის პირველივე დღიდან ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.