მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როდესაც გადავწყვეტთ, ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიულ დაფინანსებასა თუ სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არსებობს.
„შინაარსზე საუბრისგან როდესაც დაცლილი არიან პოლიტიკური პარტიები, იწყებენ მანდატების ჩახსნით საუბარს. მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით – პირველებმა, სხვათა შორის – რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და პირველ სხდომაზე ეს ყველამ ნახა. ამიტომ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.
აბსოლუტურად ერთნაირი პოზიციაა ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პარტიული დაფინანსება თუ სხვა ნებისმიერი ტექნიკური საკითხი. ჩვენ უარს ვამბობთ, რა თქმა უნდა. ინდივიდუალურად ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს ტექნიკური საკითხია, ინდივიდუალურად უნდა მიმართო, თორემ პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაზღვრავს ამ ტექნიკურ ნაწილს. ამაზე გითხარით, რომ ეს არც „ნაცების“ გადასაწყვეტია და, მით უმეტეს, არ მივცემთ შესაძლებლობას ივანიშვილის „ოცნებას“, რამე გავლენის ბერკეტი ჰქონდეს ჩვენზე. ამიტომ, როდესაც გადავწყვეტთ და რა ფორმითაც გადავწყვეტთ, ისე გავაკეთებთ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.