საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ კახა გოგოლაშვილის განცხადებით, "მინი-ნატო" ახალი თავდაცვის სისტემის შექმნას გულისხმობს, რომელიც უსაფრთხოებას არქტიკაში დაიცავს.
"ე.წ. ჩრდილოული თანამშროლობა, ანუ "მინი-ნატოს" შექმნა, სავარაუდოდ, მიზნად უნდა ისახავდეს ისეთი თავდაცვის სისტემის შექმნას, რომელიც არქტიკაში ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას და ტერიტორიების სხვა სახელმწიფოს, თუნდაც რუსეთის მიერ მითვისებას შეუშლის ხელს, მით უფრო, რომ იქ რუსეთს რამდენიმე ათას კილომეტრზე თავხედური ამბიციები აქვს და ამტკიცებს, რომ ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ფსკერზე გარკვეული ტერიტორია მას ეკუთვნის", - განუცხადა გოგოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ლონდონში, დღეს დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური სამიტის მონაწილე სახელმწიფოებს (სკანდინავიის 5, ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი) "მინი-ნატოს" შექმნის იდეა სწორედ მოსკოვის "დასაშოშმინებლად" და მისი ამბიციების "შესაჩერებლად" გასჩენოდათ.
"საერთაშორისო სამართლით, ოკეანის ფსკერი არავის ეკუთვნის და იქ საქმიანობის წარმოების უფლება ყველას თანაბრად აქვს. ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტის მიერ არაერთხელ გაჟღერდა, რომ ოკეანეში არსებული ე.წ. ლომონოსოვის ქედი რუსეთის საზღვაო სივრცის გაგრძელებაა და მას ეკუთვნის, რასაც საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალითაც დაიცავს. ჩრდილოური თანამშრომლობის, ანუ "მინი-ნატოს" იდეა რუსეთის თავხედურ ამბიციებს ცოტა დააშოშმინებს და შეაჩერებს. ახალი ორგანიზაციის მიზანი არ არის მაინდამაინც ის, რომ პოლარულ სახელმწიფოებში ომი გააჩაღონ და ტერიტორიები ძალის მიერი მეთოდებით დაიცვან, მაგრამ მოსკოვმა უნდა იცოდეს, თუ სამხედრო დაპირისპირების გზას აირჩევს, არსებობს შესაძლებლობა, რომ მას, შეიძლება ითქვას, მასზე ძლიერი სამხედრო ძალა დაურისპირდეს", - განმარტა კახა გოგოლაშვილმა.
ამასთან, ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ ნატო მსგავსი მიზნების განსახორციელებლად არ არის მოწოდებული და ის მხოლოდ იმ ქვეყნების ტერიტორიული ურღვევობის საკითხს იცავს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია.
"ასეთ შემთხვევებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არაეფექტურია, რადგან მისი მიზანი არ არის ქვეყნების ინტერესების დაცვა არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე. ნატოს მე-5 მუხლი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულად ორგანიზაციის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება შეჭრა და აგრესია, ხოლო როცა, ამ შემთხვევაში, არქტიკაში რუსეთი რომელიღაცა საბადოების მითვისებას აპირებს, ნატო, როგორც არქტორი, არ იმოქმედებს", - განუცხადა ექსპერმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება ე.წ. "მინი-ნატოს" შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესებს, გოგოლაშვილის განმარტებით, ეს "ჩვენი ქვეყნისთვის ირიბად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია".
"ეს იდეა ასუსტებს რუსეთის ამბიციებს და აქედან გამომდინარე, ასეთი ორგანიზაციის შექმნა ჩვენი ქვეყნის ინტერებში ირიბად, მაგრამ მაინც შედის. დათვი არ არჩევს ხოლმე მხოლოდ მარჯვნივ წავიდეს, თუ მხოლოდ მარცხნივ. აქედან გამომდინარე, მისი დასუსტების ყველა მცდელობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ბუნებრივია, "მინი-ნატო" პირდაპირ საქართველოს ინტერესების დასაცავად არ იქმნება და ჩვენ არქტიკაში არანაირი საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ამ თანამშრომლობაში ჩვენ ვერანაირი სახით ვერ ჩავებმებით", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. "მინი-ნატოს" შექმნის იდეას და იმას, რამდენადაა შესაბამისი პროექტის განხორციელება შესაძლებელი დღეს, ლონდონში დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკურ სამიტზე იმსჯელებენ, რომელშიც დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, დანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.