რუმინეთში, კვირას, 24 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, არჩევნების ფავორიტია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მოქმედი პრემიერ მინისტრი მარჩელ ჩიოლაკუ.
საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობს. ვარაუდობენ, რომ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი შეძლებს გამარჯვებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას. შესაბამისად, მოელიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.
საარჩევნო უბნები ცენტრალური ევროპის დროით 20:00 საათზე დაიხურება. პირველადი შედეგები მოსალოდნელია დღესვე, გვიან ღამით.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მარჩელ ჩიოლაკუ და ჯორჯე სიმიონი ულტრამემარჯვენე პარტიიდან, "ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის".
38 წლის სიომინს რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებდნენ, მაგრამ იგი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სათავეში უდგას "ყველაზე რუსოფობიურ პარტიას".
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯორჯე სიმიონმა არაერთხელ უწოდა პუტინს ომის დამნაშავე, მაგრამ ამავე დროს ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. სიმიონს უკრაინასა და მოლდოვაში შესვლა ეკრძალება.
ულტრამემარჯვენე პარტია, "ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის" 2019 წელს შეიქმნა სლოგანით “ოჯახისთვის, ერისთვის, რწმენისა და თავისუფლებისთვის”. მან მალევე მოიხვეჭა პოპულარობა კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლით. პარტიის წარმომადგენლები შევიდნენ რუმინეთის პარლამენტსა და ევროპარლამენტში.
რუმინეთში პრეზიდენტი (სახელმწიფოს მეთაური) განსაზღვრავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ჩართულია სადაზვერვო სამსახურების კონტროლში.
ამჟამინდელ პრეზიდენტს, ეროვნულ ლიბერალების წარმომადგენელს კლაუს იოჰანისს, უკვე ზედიზედ ორი ვადა აქვს და კენჭს ვეღარ იყრის.