გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6-ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში – თოვლი, ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).