მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად შეხვდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს. შეხვედრა 22 ნოემბერს ფლორიდაში, პალმ ბიჩში, ტრამპის რეზიდენციაში შედგა.
მხარეებმა განიხილეს ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების არაერთი საკითხი.
"რუტეს რეპუტაცია აქვს, რომ მას ტრამპთან მუშაობა შეუძლია, რაც მან ნიდერლანდების პრემიერმინისტრობის პერიოდში აჩვენა. აშშ-ს [2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო] არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუტემ ტრამპის მიერ პირველ საპრეზიდენტო ვადაში გაწეული სამსახური შეაქო". - წერს გამოცემა Bloomberg.
გამოცემის ცნობითვე, 1-ელ ოქტომბერს, ნატო-ში რუტეს პირველ სამუშაო დღეს, რუტემ ტრამპი ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად ალიანსზე ზეწოლისთვისა და ჩინეთზე ფოკუსირებისთვის შეაქო - "ვფიქრობ, ის მართალი იყო" - თქვა რუტემ.
მანამდე, The Washington Post-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი აპირებდა დონალდ ტრამპთან განეხილა სტრატეგია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
გამოცემის ცნობით, რუტეს გზავნილი იქნება, რომ ტრამპისა და ევროპის ინტერესებს ემსახურება „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, რომელიც ხელს უშლის რუსეთის აგრესიას და შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები.