ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსში დიქტატურა არ არსებობს და არც იქნება.
მისი თქმით, იმისთვის, რომ იყო დიქტატორი, საჭიროა შესაბამისი ბერკეტები.
„რა ბერკეტები მაქვს? ეს ამერიკელებმა მოიგონეს: დიქტატორი, დიქტატორიო. როგორ შეიძლება, ამერიკასთან ერთად დიქტატორი ვიყო. დღეს ბაიდენებსაც და ტრამპებსაც კი არ შეუძლიათ დიქტატორობა, გლობალური მშპ-ს 30%-ს რომ აწარმოებენ და მე როგორღა უნდა ვიყო დიქტატორი.
გვაქვს ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა? შემიძლია რუსეთში ან ჩინეთში ჩავიდე და ფეხი დავაბაკუნო და ვუთხრა - ეს გააკეთეთ მეთქი? არა, ეს სისულელეა. სტალინს შეეძლო დიქტატორობა, ან ჰიტლერს - მთელი ევროპა ფეხქვეშ ჰყავდა, მისი ყველას ეშინოდა. და მე რა მაქვს?
აქ არ არის დიქტატურა და მე ის არც მჭირდება", - თქვა მან სტუდენტებთან შეხვედრისას.
ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ ხშირად უწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება და ეს რთულია. თუმცა, მისი თქმით, ნდობა მათ სისწორეში და აუცილებლობაში ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისა და განვითარებისთვის ეხმარება მას.