პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ აპირებს, პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართოს. აღნიშნულის შესახებ გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა, მიმართავს თუ არა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.
„არ ვაპირებთ, დღეს, დღევანდელ გარემოში არ ვაპირებთ. დავუშვათ, ხვალ საოცრება მოხდა და ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მეგობრებო, ვნიშნავ ახალ არჩევნებს, გპირდებით, კონსენსუსურად ავირჩიოთ ეს, ეს, ეს. ფაქტობრივად, კაპიტულაციაა. როგორ ფიქრობთ, ქართველმა ამომრჩეველმა და ხალხმა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა, ეს გამარჯვება არ უნდა იზეიმოს? საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი, რომელიც გამოდის არა თავისი პერსონალური, პარტიული ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან, არასოდეს შეიზღუდავს მანევრის სივრცეს პოლიტიკაში. კითხვის ნიშნები მიჩნდება მაშინვე, როდესაც ვხედავ, რომ პოლიტიკოსები სივრცეს ივიწროებენ, რადგან შეუძლებელია, პოლიტიკოსს არ უნდოდეს, პოლიტიკაში არ გინდოდეს მოქმედების სივრცის მაქსიმალურად გაფართოება. როგორც კი თვითონ ივიწროებ ამ სივრცეს, ვერ ვხვდები, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამას? მით უმეტეს, რომ რაღაც რიტუალურ ცეკვებს ცეკვავ, რომელსაც, იცი, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, შემდეგ ცდილობ, რაღაც წნეხის ორგანიზებას. ეს ყველაფერი სასაცილოა“, - განაცხადა გახარიამ.