შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს, 81 მმ და 60 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებს, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობებს, TOW-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და მისთვის საჭირო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin-სა და AT-4-ს, დრონებს, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან დაცვის საშუალებებს და სხვა საბრძოლო მასალებსა და მხარდაჭერას.
როგორც იუწყებიან, პრეზიდენტ ბაიდენის ამოცანაა, სრულად იქნეს კონგრესის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხის ათვისება, ვიდრე თეთრ სახლს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს.