შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ აპირებს გამოიყენოს აშშ-ის სამხედრო ძალები არალეგალური მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის განსახორციელებლად.
დონალდ ტრაპმა სოციალურ ქსელში გააზიარა კონსერვატორი კომენტატორის განცხადება, რომელიც წერდა, რომ ტრამპი გამოაცხადებს ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობას და გამოიყენებს სამხედრო ძალებს მასობრივი დეპორტაციის პროგრამის განსახორციელებლად. ტრამპმა გაზიარებულ მასალას თან დაურთო თავისი სიტყვები - "ეს სიმართლეა".
წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპი არაერთხელ გამოვიდა დაპირებით, რომ მოახდენდა ეროვნული გვარდიის მობილიზებას იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის (ICE) დასახმარებლად. ICE - ფედერალური სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია არალეგალური მიგრაციის ნაკადების კონტროლზე.
მან არაერთხელ თქვა, რომ დეპორტაციას დაიწყებს პირველივე დღეს, როდესაც დაიკავებს თეთრი სახლის ოვალურ ოფისს.
ზოგიერთი ექსპერტი ეჭვს გამოთქვამს, რომ ტრამპის მიერ დაანონსებული მასობრივი დეპორტაცია შესაძლოა სისრულეში ვერ მოვიდეს, რამდენიმე საკვანძო მიზეზის გამო. ექსპერტების თქმით, ICE-ს 20 000 თანამშრომელი საკმარისი არ იქნება მილიონობით არალეგალური მიგრანტის მოსაძიებლად და გასაძევებლად.
ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსები, რომელიც ამ უზარმაზარი ოპერაციის დასაფინანსებლად იქნება საჭირო. თუმცა ტრამპმა ცოტა ხნის წინ NBC News-ს განუცხადა, რომ ეს ვერ შეუშლის ხელს მისი ადმინისტრაციის განზრახვას, სისრულეში მოიყვანოს დანაპირები.