გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის 4000 თავდასხმითი დრონის მისაწოდებლად ემზადება. ამის შესახებ ბერლინში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, დეტალების დაზუსტების გარეშე.
ამ განცხადებამდე, რამდენიმე საათით ადრე გამოცემა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის 4000 დრონის მიწოდების თაობაზე.
გავრცელებული ცნობით, დრონებს აწარმოებს გერმანული კომპანია Helsing-ი. როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანია სპეციალიზებულია თავდაცვის სფეროში ხელოვნური ინტეელქტის გამოყენებაზე.
Helsing-ის დრონები არის არა ადამიანის მიერ მართული ე.წ. კამიკაძე დრონები, არამეთ მაღალტექნოლოგიური საფრენი აპარატები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართება და მას არაფორმალურად "მინი-ტაურუსებს" უწოდებენ. Taurus-ი არის გერმანული საკრუიზო რაკეტების სახელი, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ბერლინისგან ითხოვს.
სამხედრო ექსპერტის თქმით, რომელსაც გამოცემა Bild-ი ციტირებს, Helsing-ის დრონებს შეუძლიათ დასახული მიზნის მიღწევა რადიოკავშირის არარსებობის პირობებში.
"ამრიგად, მათი ეფექტურობა მნიშვნელოვნად აღემატება ჩვეულებრივი თავდასხმითი დრონების ეფექტურობას", - დასძენს წყარო.
ამას გარდა, აღნიშნულ დრონებს აქვთ ფრენის ხანგრძლივი დიაპაზონი, რითაც 4-ჯერ აღემატებიან ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურში მყოფ კამიკაძე დრონების შესაძლებლობებს.
"შთამბეჭდავი დიაპაზონითა და დარტმის სიზუსტით, ისინი რევოლუციას მოაწყობენ ბრძოლის ველზე", - ამბობს Bild-ი.
როგორც იუწყებიან, რამდენიმე დრონი უკვე გადის გამოცდას უკრაინაში, რეალურ საოპერაციო პირობებში.
"დეკემბრიდან კიევი ყოველთვიურად რამდენიმე ასეულ ასეთ დრონს მიიღებს", - დასძენს გამოცემა.
პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს. ჯერ კიდევ ივნისში, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პოსტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინა ათასობით თავდასხმით საფრენ აპარატს მიიღებდა, რომლითაც კიევი თავს დაიცავდა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან. იმ დროისთვის, პისტორიუსს სხვა დამატებითი დეტალი არ გაუმხელია.